ეთნომიკოლოგია სოკოთა ტრადიციული გამოყენებისა და სოციოლოგიური როლის კვლევაა და იგი შეიძლება ეთნობოტანიკის ან ეთნობიოლოგიის დარგად განვიხილოთ. დიდია სოკოთა ცნობილი და ტრადიციულად გამოყენებული სახეობების რიცხვი. ბოას მიხედვით (Boa (2004), ციტირებულია Turner et al.-ის (2011) მიერ), მსოფლიოში საკვებად სოკოთა 1069 სახეობა გამოიყენება. თუმცა სოკოებს იყენებენ ასევე სამკურნალოდ, ნაკეთობათა დასამზადებლად, რიტუალების შესასრულებლად და სხვ. (Turner et al., 2011).
საქართველოში აღრიცხულია მაკრო-სოკოთა 1000-მდე სახეობა (ნახუცრიშვილი, 2007). მათ შორის ბევრია სასარგებლო სახეობა, რომელთა ნაწილი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და მრავლად გვხვდება.
ვებ-რესურსი „საქართველოს ეთნომიკოლოგია“ მისი შემდგენელების: ქართველი მიკო- და ლიქენოლოგების სამ-წლიანი კვლევის შედეგია; სამუშაო შესრულდა 2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგიური კვლევა“ ფარგლებში. ვებ-რესურსი ვრცელ ლიტერატურულ და შემდგენელთა მიერ ჩატარებული საველე კვლევისას მოპოვებულ მონაცემთა სინთეზია.
კვლევისას გაანალიზებული იქნა მრავალი ლინგვისტური წყარო (ასათიანი, 2012; ბაგრატიონი, 1985; ბერიძე, 1912; ბეროზაშვილი და სხვ., 1981; თანდილავა, 2013; თოფურია, ქალდანი, 2000; იმნაიშვილი, 2006; კობახიძე, 1987; მარტიროსოვი, იმნაიშვილი, 1956; მაყაშვილი, 1961, 1991; და სხვ.), რის შედეგადაც შეიქმნა სოკოთა ხალხური სახელწოდებებისა და აღწერების მდიდარი კრებული. საველე სამუშაო (ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუები, რომლებიც ტარდებოდა რესპონდენტთაგან წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ) შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: საკვლევი არეში ძირითადად მოექცა ქვეყნის ტყიანი რეგიონები, სადაც უტყეო არეებთან შედარებით უფრო მაღალია მაკრო-სოკოთა მრავალფეროვნება. სულ გამოკითხული იქნა 800-მდე რესპონდენტი. მონაცემთა დამუშავებისას გამოირიცხა სოკოთა გამოყენების შესახებ ის ცნობები, რომლებიც რესპონდენტებს თანამედროვე ლიტერატურიდან ჰქონდათ მოპოვებული.
შეგროვდა ცნობები სოკოთა ასამდე სახეობის ადგილობრივი გამოყენების შესახებ (საკვებად, სამკურნალოდ, აბედის დასამზადებლად, ამინდის თუ მოსავლიანობის წინასწარმეტყველებისათვის). როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთის ტყის ზონაში მდებარე რეგიონებიდან ტრადიციულად (მეტწილად საკვებად) გამოყენებულ სოკოთა სახეობების რიცხვი განსაკუთრებით მაღალია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში (დაახლოებით 30 სახეობა თითოეულ რეგიონში); აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში მოსახლეობა ერთი და იგივე ადგილობრივი სახელწოდებით მოიხსენიებს რამდენიმე სახეობას, რაც მაგალითია ორგანიზმთა ამ ჯგუფის კლასიფიკაციის სამეცნიერო და ხალხურ სისტემებს შორის არსებული განსხვავებისა.
ლიქენები საქართველოში ფართოდ არ გამოიყენებოდა და მათ სცნობენ მხოლოდ ტრადიციული ხალიჩების მქსოველები აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში (ხევსურეთსა და თუშეთში), სადაც ლიქენთა გარკვეულ სახეობებს ძაფის შესაღებად იყენებდნენ; ერთ-ერთ ინტერვიუში რესპონდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან აღწერა წარსულში ბავშვების მიერ ლიქენების სახატავი საღებავის ნედლეულად გამოყენების შემთხვევა.
ლიტერატურული წყაროებიდან მოპოვებულ ადგილობრივ სახელწოდებათა რაოდენობა აღემატება კვლევის მანძილზე გამოკითხულთა მიერ მოხსენიებულს (მაგ., Kupradze et al., 2015); ლიტერატურაში მოხსენიებული ზოგიერთი ხალხური სახელწოდების შესაბამისი ტაქსონების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ვებ-რესურსი „საქართველოს ეთნომიკოლოგია“ აღწერილ სამუშაოთა შედეგია და შეიცავს სოკოთა 88 და ლიქენთა 6 სახეობის პროფილებს. სახეობათა პროფილებში მოცემულია სახეობათა სახელწოდებები ქართულ ენაზე, მის დიალექტებზე, მეგრულსა და სვანურ ენებზე, სახეობათა მორფოლოგიური აღწერა, ჰაბიტატის / სუბსტრატის აღწერა, გავრცელება საქართველოში (ნახუცრიშვილი, 1986; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის კრიპტოგამების ჰერბარიუმი) ქვეყნის ფლორისტული რეგიონების მიხედვით (საქართველოს ფლორა, 1971-2011); ცნობები ტრადიციული გამოყენების შესახებ ლიტერატურისა და შემდგენელთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით. უცვლელადაა მოცემული ფრაგმენტები ოროგინალური ინვერვიუებიდან სახეობათა ტიპური ან განსაკუთრებით საინტერესო გამოყენების შესახებ. პროფილები შეიცავს სახეობათა ფოტოებს (ფოტოების ავტორი, თუ საგანგებოდ არ არის მითითებული, ა. ჯორჯაძეა), საქართველოს რეგიონებში გავრცელების რუკასა (მოცემულია მხოლოდ ის რეგიონები, სადაც აღებულია საჰერბარიუმო მასალა) და ინფორმაციის წყაროთა ნუსხებს.